ნოდარმა მირჩია გაჩერდიო. გაჩერება სასარგებლოაო.
და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ცხოვრება მოკლეა, მხოლოდ მეგობრობაა მარადიული. ნოდარის აზრით, მეგობრობა ყველაზე დიდი განძია ცხოვრებაში - შეუფასებელი, სიყვარულის ნებისმიერ გამოვლინებაზე მაღლა მდგომი. როგორ უნდა დაეუფლო ამ უძვირფასეს და უიშვიათეს საგანძურს - მეგობრობას? ან როგორ გავუფრთხილდეთ მას? არის გამოსავალი - გავჩერდეთ, შევისვენოთ და შევიაროთ ,,ნოდარის კაფეში”, რომელიც თბილისის ერთ ძველ სომხურ უბანში მდებარეობს. აქ, მოკალათდით ხის ერთ-ერთ პატარა მაგიდასთან, შეუკვეთეთ ყავა ან ლუდი და წრუპეთ, ან კიდევ, ოქროსფერი კახური ღვინო დააჭაშნიკეთ ქართული თიხის გემო რომ დაჰკრავს. სიმართლე გითხრათ, სასმელი არაფერ შუაშია. სწორედ მეპატროეები აძლევენ განსაკუთრებულ ელფერს ,,ნოდარის კაფეს”. ვის არ ნახავთ აქ - დევნილობაში მყოფ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს, ავსტრიელ ენათმეცნიერებს, შეყვარებულ თურქებს, ფრანგს, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით, საკუთარი ფეხით შემოაბიჯა პარიზიდან ,,ნოდარის კაფეში”, ირანელს, კოვზებსა და თეთრ ფინჯნებს შორის რომ როკავს, თან მისტიკური ღიმილით ლოყები უღაჟღაჟებს და უბრალოდ, შემთხვევით ადამიანებს.
ნოდარმა მომღიმარი თვალები დახუჭა, ხელები გაშალა და მითხრა: ,,ეს ადამიანები ჩემი მეგობრებია. ისინი მალე შენი მეგობრებიც გახდებიან. ნება მომეცი, წარმოგიდგინო ისინი”.
თბილისში, მდინარე მტკვარის სანაპიროსთან, ასწლოვანი უსწორმასწორო ფასადებით მოპირკეთებულ სახლების ძირში, შუა საუკუნეების დროინდელი დაორთქლილი აბანოების ძველი აგურით ნაგებ გუმბათებს მიღმა, სასეირნოდ გამოსულ მაწანწალა ძაღლების ხროვას შორის, შევჩერდი და სასმელი შევუკვეთე. ჩემი მოგზაურობის ერთი სეზონი დროებით აქ შეჩერდა.
უკანასნელი რვა თვეა, რაც National Geographic-ის საზოგადოება ირანის რესპუბლიკას თხოვნით მიმართავს მათ ქვეყანაში შესვლის უფლება რომ მომცენ. რვა თვეა ირანი პასუხს აყოვნებს. ხანგძლივმა დუმილმა ,,ედემის ბაღიდან” მარშრუტი ევრაზიის მაღალ და გაყინულ ჩრდილოეთში გადაისროლა. რა თქმა უნდა, მოულოდნელობები ჩემთვის სრულიად მისაღებია - მოგზაურობის ძირითადი ნაწილი შემთხვევის წყალობით შედგა. საქმე იმაშია, რომ აზიის ყველაზე სასიამოვნო მსვლელობა უკიდეგანო ყარაყუმში, თურქმენეთში იწყება - ,,შავ უდაბნოში” ტემპერატურა ივლისში თოთქმის 54 გრადუსს აღწევს და სხვა არჩევანი აღარ დამრჩა: ზაფხულის გაუსაძლის დღეებს კავკასიაში უნდა შევეგებო.
მაშ ასე, მომდევნო სამი თუ ოთხი თვე გექნებათ საშუალება ამავე გვერდზე გაეცნოთ ჩანახატებს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ისტორიულ გზაჯვარედინზე - კავკასიის რეგიონის სამ დიდ რესპუბლიკაზე.
შეიტყობთ ბრინჯაოს ხანის მმართველები როგორ იპოვეს თაფლში დაბალზამებული, გაიგებთ მხატვრებსა და ოქროს მომპოვებლებზე, ადამიანებზე, რომლებიც 1.8 მილიონი წლის წინათ აფრიკიდან აქ ჩამოსულან. ფეხით დავლაშქრავთ გზებს თანამედროვე მომთაბარე ტომებთან ერთად, რომელთაც სწამთ, რომ სწორედ ადამის (და არა ევას) შთამომავალნი არიან. რა თქმა უნდა, გავისეირნებთ ჩემს მეგობართან გურამთან ერთად, თოკზე დაკიდული თბილისის სახლების სახურავებს რომ აკეთებს. ის სიარულისას სულ ცას შეჰყურებს, დედაქალაქი ხელის გულივით იცის, ქალაქის წითელ სახურავებსა და დაჟანგულ თუნუქებს შორის სამი რევოლუციის შედეგად ნაცად ტყვიებს პოულობს.
აი, იმ ბოლო სახლს რომ გაცდებით ნამდვილი მოგზაურობა იქ გელოდებათ. ნოდარი საკუთარი ზღურბლიდან გეპატიჟებათ ნაცნობ სივრცეში: თბილი, სტუმართმოყვარე, გაცისკროვნებული ღრმადიდეური ამბებითა და მჭიდრო, ალალი ნაცნობობით.
